რობაქიძის ახლობლებსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების პროცესი ხმაურით დასრულდა.
რობაქიძის ახლობლებსა და ბრალდებულებს, ასევე მათ ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბუქტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა კი განაცხადა, რომ მოსამართლის აცილების საკითხს დააყენებს. მეტრეველის თქმით, მოსამართლე პროცესის განმავლობაში “ცუდად იქცეოდა”.
“დონაძის თავხედობას საზღვარი არ აქვს. საზღვარი არ აქვს მიქაძის ადვოკატის ქცევას, რომელიც პროკურორს შეურაცხყოფას აყენებს, მოწმეს და ჩვენ, ჭირისუფლებს, გაუბედურებულ ხალხს შეურაცხყოფას გვაყენებს გამუდმებით. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, დავაყენებ მოსამართლის აცილების საკითხს, რომელიც არასდროს აჩერებს დამნაშავე მხარეს. გვენეტაძემდე მივალ და მოსამართლის ყოფნა-არ ყოფნის საკითხს დავაყენებ. ხელისუფლებას მინდა მივმართო, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს კრიმინალები, რომლებმაც ამ მდგომარეობაში ჩაყარეს ასეულობით ოჯახი და გაგვანადგურეს, დღეს ამდენს ბედავენ, დამნაშავეები ბოლოს და ბოლოს უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მოსამართლის აცილების საკითხთან დაკავშირებით, პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება შეუძლიათ მხარეებს, თუმცა პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე აცილების საფუძველი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – რუსეთის პროვოკაციებზე ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი
შემდეგი სტატიათურქეთში სისხლიანი ტერაქტი 20 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელმა მოაწყო….