რვა უძველესი ქართული ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რვა უძველესი ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ერთი დღით გამოიფინა.
როგორც ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსმა მანანა ჭუმბურიძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ იუნესკომ მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეიტანა არქივის 8 ხელნაწერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დაწესებულებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.
“ორი წლის წინ იუნესკომ მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეემატა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასი და საქართველოს ისტორია. წელს კიდევ 8 ხელნაწერი შევიდა, რომელიც მოიცავს მე-9- მე-14 საუკუნეებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მნიშვნელობას მატებს კიდევ ის, რომ პალიფსესტებია შესული. ეს არის ტყავზე დაწერილი ორფენიანი ხელნაწერი. პალიფსესტი არის გადაფხეკილ ტყავზე ხელმეორედ დაწერილი ხელნაწერი. ზედა ფენა ზოგიერთი ხელნაწერის არის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნის, ხოლო ქვედა ფენა მოიცავს მეცხრე-მეათე საუკუნეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელნაწერები მოიცავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მნიშვნელოვან ეტაპებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად”, – განაცხადა მანანა ჭუმბურიძემ.
ქართული ხელნაწერი იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული აქრივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის: 1. ანბანდიდების სახარება, IX საუკუნე. ეტრატი. სახარება იმ ძალზედ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით – ასომთავრულით. 2. ფასლმუნები, X საუკუნე, ორი ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 3. ლექციონერი, X საუკუნე, 1 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული, ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკურ მიმართულებაში ადრევე მოისპო. 4. ნევმირებული ძლისპირი X-XII საუკუნეები, 2 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ნუსხური, ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთნ ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ასევე 4 პალიმფსესტი.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას.

banner
წინა სტატიაში„დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში”- ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის ოპტიმისტური პოსტი სოციალურ ქსელში