,,რა თანხების მობილიზებასაც მთავრობა ვერ მოახერხებს, ბატონი ბიძინა აანაზღაურებს და ფინანსურად დაგვეხმარება”

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, რომელმაც მას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება აღუთქვა.

პრემიერი მთავრობის სახელით ბიძინა ივანიშვილს და ყველა ბიზნესმენს, ვინც სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარება გაიღო, მადლობას უხდის.

„დიახ ამის თაობაზე ბატონ ბიძინასთან მქონდა საუბარი და მან დაადასტურა ის, რაც საჯაროდ განაცხადა – რა თანხების მობილიზებასაც მთავრობა ვერ მოახერხებს, იგი აანაზღაურებს და ფინანსურად დაგვეხმარება! ეს არის უდიდესი საქმე და მინდა, მთელი მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინას! მადლობას ვუხდი, ასევე ყველა ბიზნესმენს, ვინც სტიქიით დაზალებულთათვის შემოწირულობა გაიღო და კიდევ აგრძელებს მათ დახმარებას! მათი მხრიდან ეს არის სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომის გამოხატულება!“, – განუცხადა ღარიბაშვილმა „ასავალ-დასავალს“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად სტიქიის დროს კრიზისების მართვის საბჭომ კარგად იმუშავა.

„ერთი წლის წინათ, როცა მე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭო შევქმენი, ალბათ გახსოვთ, რომ ამის გამო ბევრმა კრიტიკა გამოთქვა, თითქოს, უშიშროების საბჭოს დუბლირება ხდებოდა და თითქოს, მე პირად უსაფრთხოების საბჭოს ვიკეთებდი, მაგრამ, თუნდაც ამ სტიქიის დღეებში, კარგად გამოჩნდა, რომ ის კრიტიკა არასწორი იყო. დიახ, მანამდე ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კრიზისების მართვა და როგორ უნდა ემოქმედათ მთავრობასა და სხვადასხვა უწყებებს კოორდინირებულად. ყველამ კარგად ვნახეთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს როგორ ქაოტურად ხდებოდა კრიზისული პროცესების მართვა, ჯარისკაცებს როგორ აძლევდნენ დავალებებს თბილისის მერი და სხვა გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც იმ პროცესებთან არაფერი ესაქმებოდათ. კრიზისების მართვის ცენტრი ჩვენ ბრიტანულ მოდელზე ავაგეთ, ასევე კონსულტაციები გვქონდა ამერიკელებთან, ისრაელის წარმომადგენლებთან, რათა მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ასავალ-დასავალთან” საუბრისას პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 13 ივნისს პირველი სერიოზული კრიზისი იყო, როცა მთავრობამ წარმოაჩინა, რომ ორგანიზებულად მუშაობა შეუძლია.

„დიახ, ყველა უწყებას თავ-თავისი დავალება ჰქონდა მიღებული და კოორდინირებულად ხდებოდა კრიზისების მართვა. თუმცა, კრიზისის დროს გარკვეული ხარვეზებიც გამოვლინდა, რაც ბუნებრივია, რადგან უშეცდომო არავინ არის. შეცდომა იყო ის, რომ გაუგებრობა მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთადერთ წყაროს – ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობოდა და ამის მერე ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა! ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია! თუმცა საბოლოო ჯამში სახელმწიფო უწყებებმა თავიანთ მოვალეობებს კარგად გაართვეს თავი! მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო სტრუქტურები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს”
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის ახლობლებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს