რა განცხადება გაავრცელა ფედერიკა მოგერინიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა.
როგორც ევროკავშირის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე წერია, მოგერინიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე უსაუბრეს.
“ჩვენ ხაზი გავუსვით ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას. რეფორმების გეგმა ისეთ არსებით სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კანონის უზენაესობა და სასამართლო არის მნიშვნელოვანი. ამ რეფორმების განხორციელება საქართველოს ტრანსფორმაციას და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რითიც ქვეყნის მოქალაქეები სარგებელს მიიღებენ”, – წერია მოგერინის განცხადებაში.
ევროკომისარი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმება კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. ამას გარდა, როგორც ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღიშნული, ღარიბაშვილთან გუშინდელი შეხვედრის დროს მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი მოლდოვაში უკრაინის სცენარის გამეორებას არ ელის
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას