რატომ იკამათეს ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა და ეკა ბესელიამ?

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და დეპუტატმა ეკა ბესელიამ იკამათეს. კამათის მიზეზი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები გახდა, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს.
როგორც ბიუროს სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საკითხის დაჩქარებული წესით მიღება განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც 1-ლი მაისიდან უნდა ამოქმედდეს.
“ამ კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ვითხოვთ. კანონპროექტის საბოლოო რედაქცია შეთანხმებულია შსს-თან და პროკურატურასთან, რომ პრობლემები არ წარმოიქმნას. საკითხის განხილვა ამ კვირაში უნდა დავასრულოთ”, – აღნიშნა ხმალაძემ სხდომაზე.
ვახტანგ ხმალაძეს ეკა ბესელია გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ ხდება საკითხის დაჩქარებული წესით მიღება. დეპუტატების კამათს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. მან დეპუტატებს საკითხის ირგვლივ მსჯელობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“ყველა შემთხვევაში, საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა დავიწყოთ. განხილვის პროცესში ვნახოთ, თუ რაიმე გადაულახავი პრობლემა იქნება, ან თუკი საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომა, მოვიწვიოთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და უფრო ადრე უნდა გვენახა. ახლა რა ვქნათ, ამ პროექტზე არ ვიმუშავოთ? ქალბატონო ეკა, გვთავზობთ, რომ ამ პროექტზე არ ვიმუშაოთ? ვადები ათასჯერ აგიხსენით. განხილვა დავიწყოთ და თუკი მოსწრებადი არ არის, საკითხზე მომავალ კვირასაც ვიმსჯელებთ. საკითხის განხილვა აქამდე რატომ არ დაიწყო, ეს კითხვა მაქვს ყველასთან, ვისაც ეს საქმე ეხება? ძალიან გთხოვთ, კომიტეტის სხდომას დავესწროთ, ვისაც ეს ეხება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ეკა ბესელიამ უსუფაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომიტეტს კანონპროექტი არ განუხილავს.
“რატომ აქამდე არ მოხდა ამ კანონპროექტის შემოტანა ჩვენთან, ასე შემჭიდროებულ ვადაში რომ ხდება მისი მიღება? – იკითხა ბესელიამ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე.

banner
წინა სტატიაშიჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა