რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

„პლასტელინა“ მარგველაშვლი საარჩევნოდ ახალ კოალიციას ქმნის?

გიორგი მარგველაშვილი კიევში "ღირსების მარშში" მიიღებს მონაწილეობას

მალე, შეიძლება, აღმასრულებელი, პატრულის თანხლებით, მიადგეს, გამოასახლოს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცეს. ახლა, ვიღაცები იტყვიან, ეს უტრირება რა საჭიროაო, მაგრამ „ის ბრძენი კაცი“ ისეთი გაბრაზებულია, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. მარტო გამოსახლება თუ აკმარეს, კიდევ მადლობა უნდა მოიხადოს – დღეს-ხვალ, როგორც სახელმწიფო შეთქმულების მოწმე თუ თანამონაწილე, შესაძლოა, დაკითხვზეც დაიბარონ და… „მოდულ“-შიც დატოვონ. ასე გავაოცებთ ევროპას და, ზოგადად, მთელ სამყაროს. ისე, სიმბოლურია, რომ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“ მეოთხე საუკეთესო წელს ემუქრებიან!..

 
იყო დრო, როცა გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ პლასტილინის იყო. იმასაც ამბობდა, რომ ალასანიას გარეგნობა და მიშას ლოგიკა უნდოდა და მაშინ ყველას ეგონა, რომ ის ერთი უწყინარი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ „ის ბრძენი კაცი“ შეცდა და რა გასაკვირია, რომ მოსახლეობაც შემცდარიყო?!
მარგველაშვილის ბიოგრაფია კარგად არ მქონდა შესწავლილი, თორემ პრეზიდეტად არ გავხდიდიო, – გამოტყდა და აღიარა „ბრძენმა კაცმა“. არადა, მარგველაშვილის ბეგრაუნდი ძალიან საინტერესოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მისი სამეგობრო ძალიან ჭრელია – დაწყებული ლევან ვასაძით, დამთავრებული გიგა ბოკერიათი და ირაკლი კაკაბაძით.

 
მარგველაშვილის „ბიოგრაფიულ ქრონიკებში“, თუ კარგად გავიხსენებთ, ნინო ბურჯანაძეც ფიგურირებს – როცა „ყველაზე გამძლე ფოლადის“ ბურჯანაძემ (ქალბატონი ნინო ასე მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის სისხლიანი 7 ნომებრის მერე გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე შეაფასა და მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ ეპითეტი შეიფერა) ფონდი შექმნა, მისი ფონდის ხელმძღვანელი გახდა. შემდეგ, როცა ფონდი პარტიად გარდაიქმნა, პარტიაში გადაინაცვლა.

 
სწორედ აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ანალიტიკოსი გამოთქვამს ეჭვს, რომ მარგველაშვილის წარსულში, ისევე, როგორც სააკაშვილისა და „ოცნების“ ბევრი ჩინოვნიკის „გარდასულ დღეებში“, რუსული კვალი შეინიშნება, თუმცა იქიდან გამოდმინარე, რომ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და არც მტერბი არ არსებობენ, რუსებს ზურგი, როგორც ჩანს, მარგველაშვილმაც აქცია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური პოზიცია მკაფიოდ და მყარად პროდასავლურია.

 
„ჩემი აზრით, „ოცნების“ სტაფს სწორედ „მარგველას“ ეს პროდასავლურობა აგიჟებს. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პრეზიდენტმა დიდი და სერიოზული პოლიტიკური თამაში დაიწყო, მაშინ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან მალე „პლასტელინა“ დიდი პოლიტიკური გაერთიანების უალტერნატივო ლიდერი გახდება. ამას ბიძინაც კარგად ხვდება და სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ, რომ ბოლო დროს პრეზიდენტზე განსაუთრებული იერიში მიიტანა და ისიც კი თქვა, რომ კულუარებში ნათქვამ ბევრ რამეს გამოიტანს სააკაშარაოზე და კითხვებზე პასუხსაც გააცემინებს,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს პოლიტიკურ ტექნოლოგიებში კარგად ჩახედული ადამიანი, რომელიც ვინაობას ერთადერთი მოსაზრებით არ ამხელს, არ მინდა, ვინმემ რომელიმე მხარის მხარდამჭერობა დამაბრალოსო.

 
გიორგი მარგველაშვილი, როგორც „თაიმერის“ რესპოდენტი ამბობს, გუნდის წინაშე, შესაძლოა, მართლა, ცუდად მოიქცა, როცა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა და ათონელის ოფისს „ქოში მიაყარა“, მაგრამ ინკოგნიტო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით მარგველაშვილმა იმას გაუსვა ხაზი, რომ ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის.

 
„თავიდან „მარგველას“ იმის პრობლემა ქონდა, რომ პოლიტიკური დასაყრდენი არ ყავდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეცვლილია – მან მოახერხა და თავის გარშემო მთელი ანგარიშგასაწევი ოპოზიცია შემოიკრიბა. არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი კოალიციაც შეიქმნას, რომელშიც ყველა ის პარტია გაერთიანდება, რომელიც მარგველაშვილთან ბოლო დღეებში კონსულტაციებზე დადის. ამ კოალიციაში, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობაც“ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დღემდე კატეგორიულად უარყოფენ, რომ „ნაციონალებთან“ არანაირ ალიანსში არასოდეს შევლენ, ახალი პოლიტიკური რეალობა მათ აიძულებთ, რომ თავიანთი ნათქვამი უკან წაიღონ.
ალასანიას თუ უნდა, რომ პარლამენტში მოხვდეს, მაშინ იძულებული გახდება, თამაშის იმ წესებს დაემორჩილოს, რომელსაც ახალი რეალობა შესთავაზებს. სხვა პარტიები კი არაფერს კარგავენ. ვერ ვიტყვით, რომ ისინი რეიტინგულები არიან, მაგრამ ქართული ანდაზა ხომ იცით, ძალა ერთობაშიაო. ჰოდა, ყველა რომ გაერთიანდება, „ოცნება“ გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება. თავის დროზე სწორედ ეს ტრიუკი გამოიყენა „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძარობის“ წინააღმდეგ და შედეგიც დადო,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ფარული ანალიტიკოსი.

 
ამასთან, ჩვენი წყარო გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი მარგველაშვილი შეიძლება, რომელიმე იმ პარტიის თავმჯდომარეც გახდეს, რომელიც ზემოთნახსენებ კოალიციაში შევა. ამ მხრივ ანალიტიკოსი „ახალ მემარჯვენეებს“ გამოყოფს, რადგან პრეზიდენტმა პოლიტიკურ მრჩევლად სწორედ ამ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ფიქრია ჩიხრაძე წიყვანა.
„ეს ვერსია მედიაშიც გავრცელდა. თავიდან არასერიოზულად მომეჩვენა, მაგრამ მერე, ჩემი არხებითაც გადავამოწმე და კულუარებში ასეთი შეხედულება რეალურად არსებობს, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამას, პლუს, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ მარგველაშვილი წამებულად გამოაცხადოს და დასავლეთი დაარწმუნოს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის ჩარჩოდან საბოლოოდ ამოვარდა და იქამდეც კი მივიდა, რომ პრეზიდენტს საქმეს ურჩევს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო.

 
„თაიმერის“ კითხვაზე, არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში, ჩვენი წყარო ხელაღებით ვერაფერს ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, მინიმუმ, იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან ახალგაზრდა კაცია და 2018 წლის შემდეგ, როცა საპრეზიდენტო ვადას ამოწურავს, შეიძლება, პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელების ამბიცია კიდევ ქონდეს. შესაბამისად, ისევ ნინო ბურჯანაძეს ან სხვა პრორუსულ ძალებს რომ დაეყრდნოს, ცივილური სამყარო არ მიიღებს. ქვეყანაში კი ყველაზე გამოკვეთლი და ცნობადი პროდასავლური ძალა ორია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

 
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,თქვენ რომ ბევრს არ უყვარხართ ამაში სიახლე არაფერია”- ქუცნაშვილი რ2–ს