რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

ინტერპოლისგან მიღებული უარის მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისადმი საერთაშორისო ძებნის დაწყებას, ხოლო დავით კეზერაშვილიზე ძებნის აღდგენას მოითხოვს.

“თაიმერ” პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა, ძებნილმა პირმა საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. დ. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად წინა შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.

ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა.

შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა
შემდეგი სტატიავიდეო–პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება