ჟენევაში არაფორმალურ გარემოში ქართული დელეგაცია უკრაინულ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით , ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 133-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ კაჭახიძე და პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე.
ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ორი ორმხრივი ოფიციალური შეხვედრა – დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციებთან გამართა. საუბრის ძირითადი თემები საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.
რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველოც დგას. დელეგაციის წევრებმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე ეკონომიკური პროექტების შესახებ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო თბილისში გამართულ ,,აბრეშუმის გზის” ფორუმს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ.
ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაწყებული მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ხოლო ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება საქართველოს საშუალებას აძლევს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყანას, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს სახელმწიფოს დაინტერესება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, ხოლო მოწესრიგებული საგადასახადო სისტემა საქართველოს მიმზიდველს ხდის უცხოელი პარტნიორებისთვის და სერიოზული ინვესტიციების განხორციელებისთვის.
შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოს პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანის უფლებების დაცვაა. შეხვედრაზე ასევე შეეხნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და მიმდინარე ანექსიას რუსეთის მხრიდან. საუბარი იყო მედიის თავისუფლების ხარისხზე და დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ “როგორც არასდროს, ქართული მედიასაშუალებები არიან აბსოლუტურად თავისუფლები, არ განიცდიან ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და დღეს საქართველოში თავისუფალ სიტყვას არავინ ებრძვის”.
დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებს საპარლამენტო დელეგაციის გარდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი ესწრებოდა. ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრები, რომლის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ მიიღო მონაწილეობა.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ქართული დელეგაცია არაფორმალურ გარემოში უკრაინულ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და რუსულ აგრესიაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერა და წუხილი გამოთქვა შექმნილ ვითარების გამო.
საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეა 18 სექტემბერს გაიხსნა და მთავარი თემა მიგრაციის საკითხი იყო. ფორუმის მონაწილეებმა სამართლიანი და ჰუმანური მიგრაციისთვის მორალური და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
წელს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას 135 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, 48 ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სხვადასხვა ქვეყნის 700-ზე მეტი დეპუტატი.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), რიგით 133-ე გენერალური ასამბლეა მუშაობას დღეს დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ ლიდერებმა გაიმარჯვეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: გეტყვით, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია