პუტინთან შეხვედრის დეტალები, სავარუდოდ, მიუნხენში დღეს გახდება ცნობილი

უკრაინის შეიარაღების საკითხზე განცხადებები მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთდა, სადაც დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი და რუსეთის პოლიტიკაა.

სავარაუდოდ, სწორედ აქ გააჟღერებს ანგელა მერკელი კრემლში გამართული მოლაპარაკებების დეტალებს. ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ, შესაძლოა, მიღებული იქნება სამშვიდობო გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის წინადადებები. თუმცა, კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის.

„დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იარაღის მიწოდება სიტუაციის გამწვავებას შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო დაგვაშორებს სასურველი შედეგისაგან. აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რეგიონში ისედაც ძალიან დიდი შეიარაღება არსებობს, სეპარატისტების მომარაგებას ზღვარი არ უჩანს. მთავარი შეკითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა უკრაინა, გაუმკლავდეს რუსეთის სამხედრო პოტენციალს და ხომ არ გამოიყენებს ამ ფაქტს რუსეთი ღია კონფლიქტის დაწყების საბაბად,“ – აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ვონ დერ ლაიენი.

„რუსეთმა საკუთარი ქმედებებითა და არჩევანით თავი იზოლაციაში მოიქცია. არავინ აიძულა რუსეთი, ყირიმი დაეპყრო და არავინ აიძულებს მას, დღეს უკრაინაში დესტაბილიზაცია მოაწყოს. ანგელა მერკელის და ფრანსუა ოლანდის ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნატო ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ამ ძალისხმევას და პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვას. ეს გადაუდებელი და მნიშვნელოვანი რამ არის,“ – აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

მთავარი თემა მიუნხენში უკრაინაა. დღესვე იგეგმება პეტრო პოროშენკოს და სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლაც.

დღეს უკრაინის საკითხის პარალელურად განხილული იქნება კონფლიქტები ევროპის ტერიტორიაზე და ამ საკითხის განხილვისას საუბარი შეეხება საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც.

გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელსაც დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები და მათ შორის ამერიკელ სენატორებთან.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომიტინგეები დაიჭირეს
შემდეგი სტატიამოსამართლეთა უვადოდ დანიშვის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს