პროკურორი – დასადგენია პირები, ვისგანაც კახა მამულაშვილმა ნარკოტიკი შეიძინა

კახი მამულაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარკოდანაშაულში სხვის მონაწილეობაზე ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს , – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა კახი მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვა პირთა დანაშაული რომც არსებობდეს გამოკვეთილი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
“ჩვენ გვქონდა იმის საფუძველი, რომ მამულაშვილისთვის პატიმრობა მოგვეთხოვა. ამის საფუძველი საქმის მასალებიდან გაჩნდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა გაიზიარა. საქმის მასალებზე დაყრდნობით არსებობდა რისკები, რომ შესაძლებელი იყო ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მას თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება. ამასთან, ჩატარდა ჩხრეკა იძულებითი ღონისძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა ჩხრეკის ღონისძიება. მოხდა ნარკოტიკების ამოღება. მან თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. დასადგენია პირები, ვისგანაც მან შეიძინა ნარკოტიკი და ვითარება, რომელშიც ნარკოტიკის შეძენა მოხდა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
რაც შეეხება შემდგომ თანამშრომლობას, გიორგი დავითაშვილის თქმით, ითანამშრომლებს თუ არა ბრალდებული მომავალში გამოძიებასთან, ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის იმ მოტივით, რომ კახი მამულაშვილს დუმილის უფლების გამოყენება შეუძლია.
პროკურორისგან განსხვავებით პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია კახი მამულაშვილის ადვოკატს. გიორგი ბეგიაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ძიების ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
კახი მამულაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – ჯერ უცნობია, რამდენი ქალაქის მერი ეწვევა თბილისს ოლიმპიურ ფესტივალზე