პროკურორი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს სპეცრაზმელების გათავისუფლების შუამდგომლობას

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დაუჭერს თუ არა მხარს რიგითი სპეცრაზმელების პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას. როგორც რიგითი სპეცრაზმელების საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ცნობილია, რომ ე.წ. რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატებმა სასამართლოს უკვე მიმართეს შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ.
პროკურორის თქმით, სწორედ აღნიშნული შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარისთვის უცნობია, რა არგუმენტზე დაყრდნობით მიმართავს სასამართლოს რიგითი სპეცრაზმელების დაცვის მხარე.
“ჩვენ მოვისმენთ შუამდგომლობას, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით აქვს დაცვის მხარეს მომზადებული და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”, – განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა რიგითი სპეცრაზმელების მიმართ სხვა რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება, როგორიც არის საპროცესო გარიგება ან განრიდება, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საქმიდან გამოიყო. საქმის გამოყოფის შემდეგ რიგითმა სპეცრაზმელებმა ხელმძღვანელების მიმართ მამხილებელი ჩვენებები მისცეს. სპეცრაზმელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშიკობა სუბელიანი: სისულელეებს აკეთებენ და ანგრევენ ქართულ ეკონომიკას
შემდეგი სტატიახმის სიჩქარეზე სწრაფი ვარდნა