პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს

რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს და განაცხადეს, რომ ბოლო წუთამდე სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ , ინფორმაციას არ ფლობდნენ, – ამის შესახებ დახურული სასამართლოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა და ადვოკატმა განუცხადეს. ბრალდებულების ადვოკატ იაგო სოხაშვილის თქმით, სპეცრაზმელებმა სიმართლე თქვეს რაც მოხდა სპეცოპერაციის დროს. მისივე თქმით, ბრლადებულების ჩვენება იდენტური იყო იმ 3 ბრალდებულის ჩვენების, რომლებმაც წინა სხდომაზე ჩვენება მისცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დაკითხულმა ოთხმა რიგითმა სპეცრაზმელმა თავისი როლი აღწერა სპეცოპერაციაში.
“ეს იყო მამხილებელი ჩვენება”, – განაცხადა იაგო სოხაშვილმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა უკანონო დავალება, რომელიც სპეცრაზმელებს სპეცოპერაციის დროს ხელმძღვანელებმა მისცეს, ადვოკატი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მოვა დრო, როცა ყველაფერი ნათელი გახდება.
საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულთა ჩვენებების თანახმად, მათი გამოყვანა სპეცოპერაციაზე და შემდეგ მასში მონაწილეობა ემსახურებოდა მათი მხრიდან ბრძანების შესრულებას.
“დეტალებს ვერ ვიტყვი, რადგან დახურული პროცესი იყო, თუმცა მათი ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმ სურათისგან, რაც 2006 წელს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის იქნა მიწოდებული. ბოლო წუთამდე რიგითი სპეცრაზმელებისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რა ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათი გადაწყვეტილება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით მათი ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ ბრძანებას ემსახურება”, – განაცხადა პროკურორმა.
მანვე განმარტა, რომ სპეცრაზმელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საჯარო მოხელე, ვალდებულია, შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება კანონის ფარგლებში. ამასთან, პროკურორის თქმით, არც ერთი პირი ვალდებული არ არის მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება და შეასრულოს უკანონო ბრძანება.
“მათ არ იცოდნენ ბოლო წუთამდე, სანამ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, რა ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას. შემდგომში ბოლო სტადიაზე მოხდა ინფორმირება, რაში მონაწილეობდნენ დაახლოებით. რაც შეეხება ბრძანებას, მათი ჩვენებით, ბრძანება ხელმძღვანელობამ გასცა. ბრალდების მხარის პოზიციით, ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილოს მიმართულებით ცეცხლასასროლი იარაღიდან ნაწარმოები სროლები არ შეესაბამებოდა კანონიერ საფუძველს. არანაირი საფრთხე იმ ავტომობილიდან არ მოდიოდა და არც ერთ პირს არ ჰქონდა უფლება გაეხსნა ცეცხლი ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისთვის. მათ მიმართ ცეცხლის გახსნა ემსახურებოდა მათ ლიკვიდაციას”, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
სასამართლო 20 აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება, რა დროსაც წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ. ამის შემდეგ კი მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი – საუბარი, რომ ქართული დიპლომატია არ მუშაობს, უნიჭო ტყუილია
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი პარლამენტის ნდობის ჯგუფში, სავარაუდოდ, პარასკევს წარდგება