პროკურორისა და ადვოკატის ცნობით, კორტების საქმეზე ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ხელმძღვანელთა მამხილებელი ჩვენება მისცეს

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელებმა სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ მამხილებელი ჩვენებები მისცეს.
საქალაქო სასამართლოში სპეცრაზმელების საქმეზე მიმდინარე არსებითი განხილვისას სამი რიგითი სპეცრაზმელი დაიკითხა, რომელთაც განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვთ წარდგენილი.
როგორც პროკურორმა, ლევან ადეიშვილმა განაცხადა, პროცესი მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნაწილობრივ დაიხურა. პროკურორის ინფორმაციით, გარკვეულწილად ჩვენებებში ბრალდებულებმა ახსენეს მაღალჩინოსნები.
“მათ ისაუბრეს იმის ირგვლივ, რაც მოხდა 2004 წლის 2 მაისს კორტებთან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენებები მამხილებელია”, – განაცხადა ლევან ადეიშვილმა.
შეკითხვაზე, ბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ თუ არის მოსალოდნელი სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ საქმიდან გამოყოფილი საქმის წარმოება ცალკე მიმდინარეობს, სადაც უკვე დადგა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა.
პროკურორის თქმით, თუკი კიდევ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას გადაწყვეტს პროკურატურა.
ამასთან, ლევან ადეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რიგით სპეცრაზმელებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
კომენტარი პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვვოკატმა, იაგო სოხაშვილმაც აღნიშნა. ადვოკატის განცხადებით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო გახდა პროცესის დახურვა. მისი თქმით, დაიკითხა სამი ბრალდებული, რომლებიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებას, იაგო სოხაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თქვეს სიმართლე. ადვოკატი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. კითხვაზე, მისცეს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა მამხილებელი ჩვენება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ რიგითმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, მისცეს ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენება.
“ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ცალსახად იყვნენ ეს ადამიანები ხსენებული”, – განაცხადა იაგო სოხაშვილმა.
ე.წ. კორტების სპცოპერაციის საქმეზე პასუხისმგებლობაში მისცეს 12 პირი. მათ შორის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები და რიგითი სპეცრაზმელები. რიგითების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. 7 პირის საქმე, რომლებსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, არსებითი განხილვის ეტაპზეა. როგორც ცნობილია, ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
არსებითი განხილვა ამ საქმეზე ბრალდებულების დაკითხვის ეტაპით 15 ივლისს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი – ქართული ეკონომიკა დღეში 7 მილიონის შესაძლებლობას კარგავს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ყველა პარამეტრით ჩანს, რომ შემოდგომა კიდევ უფრო მძიმე იქნება