პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლიკა კიკიანის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ლიკა კიკიანის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთხსენებულ საქმეზე დაზარალებულმა ლიკა კიკიანმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” მოვლენილ დამცველთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება- პიროვნების ამოცნობის ჩატარებაში, რა დროსაც მას უნდა ამოეცნო ის სავარაუდო პირები, რომლებმაც მისივე განცხადებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა. ამოცნობისას, პირველ სამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო აღნიშნული პირების ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედება და ჩასატარებელი იყო კიდევ 10 ამოცნობა, კიკიანი გაურკვეველი მიზეზის გამო აღელდა, დაიწყო ტირილი, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა როგორც იქ მყოფ, ასევე ამოსაცნობ პირებს და დემონსტრაციულად დატოვა პროკურატურის შენობა.
რაც შეეხება გამოძიებას – იგი გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, დანიშნულია ყველა შესაძლო და საჭირო ექსპერტიზა, გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც და მტკიცებულებათა სრულყოფილად შეკრების შემდგომ მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე შეიაღარებისა და თავდაცვითი ნაწილის ფუნდამენტური მოგვარება
შემდეგი სტატია,,ზურა ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა”