,,პროკურატურა შესვენებაზე გაეცნობა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას”

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უგულავას 9-თვიან პატიმრობას ეხება, არის საკმაოდ სქელტანიანი და პროკურორებს მის გასაცნობად დრო სჭირდებათ.
მისი თქმით, როდესაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, პროკურორები სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ და საშუალება არ ჰქონდათ დოკუმენტს გაცნობოდნენ.
„გავეცნობით დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომელიც ფიზიკურად არ გვქონდა და ახლა მოგვცა დაცვამ. გადაწყვეტილება არის სქელტანიანი. გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც ჩვენ სასამართლო პროცესზე ვიყავით. ამას უნდა გავეცნოთ. ასევე, უნდა გავეცნოთ დაცვის მხარის შუამდგომლობას. საკმაოდ ვრცელი მასალებია და როგორც დაცვის მხარე ამბობს, რომ ერთი წინადადება არის, ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა ორი საათით გადაიდო. პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განსახილველად გონივრული ვადა ითხოვა.

პროკურორებმა მოსამართლეს მიმართეს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლებაზე პოზიციის გამოსახატად დრო სჭირდებოდათ და დრო ითხოვეს.

მოსამართლემ სხდომა ორი საათით გადადო და პროცესი 22:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიხედვით გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე მსჯელობენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავას სადღეგრძელო სოხუმში: “ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი აფხაზეთის დედაქალაქია”
შემდეგი სტატია,,პრემია 262 ათასი არ უდრის 500 ათასს”– რიმა ბერაძე საჯარო ბოდიშს ითხოვს