პროკურატურა კაბელების საქმეზე დაკავებულების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.

“დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

“ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება.”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 19 ივნისს 11 საათზეა დანიშნული, სადაც პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა
შემდეგი სტატიაიმუნიზაციის ცენტრში ტეტანუსის აცრის მსურველთა რიგია