პროკურატურამ მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალი წარუდგინა

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

prokuraturaსაქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს, როსტომ ლაზარიას, ბრალი წარუდგინა.

“თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებულგანცხადებას:

ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2005 წლის 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებთან ერთად, გამოძიების წარმოება დაევალათ თბილისის ვაკე-საბურთალოს იმჟამინდელ რაიონულ პროკურორს, მამუკა გვარამიასა და პროკურორის თანაშემწეს, როსტომ ლაზარიას.

დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე, მათ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების წარმოება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ევალებოდათ, რომელთა მიზანი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე „ცხელ კვალზე” მტკიცებულებათა მოპოვების გზით, ჭეშმარიტების დადგენა”.

თუმცა, პროკურატურის განცხადებით, გვარამიამ და ლაზარიამ “ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია”.

ამის მაგალითად განცხადებაში მოტანილია გარდაცვალების დღეს ჟვანიას დაცვის წევრების ჩვენებების სხვადასხვა ვარიანტი კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, რაც გარდაცვალების ადგილზე იქნა აღმოჩენილი.

“გაყალბებული ოქმი და ამონაწერი, როგორც საქმის მტკიცებულება, მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ მოათავსეს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რითაც გამყარებული იქნა იმჟამად პროკურატურის მიერ გაცხადებული ვერსია, რომლის თანახმადაც ბინაში, სადაც ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გვამები იქნა აღმოჩენილი, მაგიდაზე გაშლილი იყო სუფრა, ხოლო სუფრაზე მოთავსებული იყო ის სასმელები და პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია სუპერმარკეტ “ლილეს” რეალიზებული პროდუქციის გაყალბებულ ამონაწერში,” – ნათქვამია განცხადებაში და აქვე ისიც არის აღნიშნული, რომ გვარამიასა და ლაზარიას ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი.

“შემთხვევის ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობის განზრაზ დამახინჯებით ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას, შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,” – ნათქვამია განცხადებაში.

2015 წლის 29 იანვარს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

2015 წლის 4 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალის მდგომარეობა, ნუ ნერვიულობთ!” – ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატიასასამართლოდან გაქცეული 21 წლის პატიმრის კვალს მეორე დღეა, უშედეგოდ ეძებენ