პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TCC–ის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა და „China Tianchen Engineering Corporation“ წარმომადგენლებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ჩინური კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“ მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.

TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო – China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი – Industrial and Commercial Bank of China (ICBC).

TCC–ი ჩინეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“ლიტვის პრეზიდენტი ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში”
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: აფხაზი ახალგაზრდები სპეციალურად ,,მაკდონალდსის” რესტორანში გადმოდიან