პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით სარეაბილიტაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ, დილის 6 საათიდან განახლდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში ის და მინისტრები თითქმის ყველა ობიექტზე იმყოფებოდნენ და დაზარალებული მოსალხოება მოინახულეს, ასევე, გამგეობებში გრძელდება საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულებისთვის.
პრემიერის განცხადებით, პროცესი მიმდინარეობს ძალიან ორგანიზებულად და არავითარი შეფერხება არ არის.

“რაც შეეხება დღეს საღამოს არსებულ ვითარებას, მოგეხსენებათ, რომ დღეს საღამოს სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა სტიქიით დაზარალებულ უბნებზე და ეს მოხდა პრევენციის გამო. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან მივიღეთ ინფორმაცია, გადავწყვიტეთ, მდინარე ვერეს ხეობაში დროებით შეგვეჩერებია სამუშაოები. მაგრამ, ხვალ დილით, 6 საათზე, დაიწყება მუშაობა. ასევე, გუშინ საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განისაზღვრა უწყებები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ კონკრეტულ სამუშაობეზე არიან პასუხისმგებლები. წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობამ შესაძლოა გადააჭარბოს 100 მილიონ ლარს”, -განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ტრანსპორტს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები, თუმცა არის შეზღუდვები ზოგიერთი მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიაანეგდოტი თბილისელ ბეჰემოთზე, რომელსაც ავაკოვი სააკაშვილს მოუყვა