პრემიერს არ აქვს ვალდებულება, საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგეს და პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მტკიცებით, პრემიერის მხრიდან პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა არ დარღვეულა.
როგორც თადუმაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია. რაც შეეხება მთავრობის ანგარიშს, თადუმაძე ამბობს, რომ დოკუმენტი პარლამენტში ხვალისთვის შევა.
“არანაირი რეგლამენტი არ დარღვეულა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს არ აქვს ვალდებულება საშემოდგომო სესიაზე პირადად წარდგეს და პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს. ეს არის ნორმა, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წერილობითი ფორმით სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიში გადაუგზავნოს. ანგარიში მზად არის, პარლამენტში ხვალ იქნება რეგისტრირებული და მისი საჯარო განხილვის შესაძლებლობაც იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა თადუმაძემ.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის ჩანაწერი “ცოტა ბუნდოვანია”.
“რეგლამენტში ნათქვამია, რომ პრემიერმა აღნიშნული ანგარიში პარლამენტის მიერ მოთხოვნიდან 15-დღეში უნდა წარადგინოს. ამდენად აქ არსებითი დაღვევა არ არის. უბრალოდ გაერთიანებული და დასრულებული ანგარიში პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პარლამენტში ხვალ იქნება წარდგენილი”, – აღნიშნა თადუმაძე.
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ბათუმში ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო
შემდეგი სტატიალატვიის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს