პრემიერმა მედიას მოუწოდა, ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები დროებით შეჩერდეს, მოხალისეები და ტექნიკა ამოყვანილი იქნას კრიტიკული ზონებიდან , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც გმირთა მოედანზე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად მოვიდა და შტაბის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველას, მედიას, რომ ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს, იქამდე ვიდრე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენტარს.
“შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე, რომ ძალიან გთხოვთ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ეს არის ჩემი თხოვნა იმიტომ რომ ეს არის კრიზისული ვითარება, კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე. ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვინაიდან დღეს ამინდი შეიცვალა და მოსალოდნელია წვიმა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვტილება, რომ დროებით სამუშაოები შეჩერდეს.
“მოხალისეები და ტექნიკა იქნება ამოყვანილი იმ კრიტიკული ზონებიდან, სხვა არაფერი ხდება ამ ეტაპზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რაიმე ეპიდემიის გავრცელება, პრემიერმა აღნიშნა, რომ არავითარი ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
“ეს კითხვები საიდან მოგაქვთ მაინტერესებს, ვინ გეუბნებათ ასეთ რაღაცეებს, ამინდის პროგნოზი არის ასეთი, დანარჩენ ინფორმაციას საგანგებო შტაბიდან ეტაპობრივად, სისტემატურად მიიღებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტები პუტინის ბრძანებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: თბილისის თავზე 11-კილომეტრიანი ღრუბელია