პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვისწავლოთ ქართული” დასკვნითი ცერემონია გაიმართა

ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვისწავლოთ ქართული” დასკვნითი ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ის კურსდამთავრებულები დაესწრნენ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ქართული ენა შეისწავლეს. პროექტის დასკვნით ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მიმართეს. ღონისძიების ფარგლებში პროექტის ავტორების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართება.
კურსდამთავრებულებს დღეს, ქართული ენის კურსების გავლისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.
“საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა, რომელიც უფასო იყო ყველა მსურველისთვის. ქვეყნის თითოელი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. რა არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იმისთვის, რომ ადამიანმა ამ პროცესის თანაზიარად იგრძნოს თავი? – სახელმწიფო ენის ცოდნა, რისი შესაძლებლობაც ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით მიეცათ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ.
პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა. სწავლებას უნივერსიტეტის თანამშრომლები უძღვებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – მსოფლიოს რამდენ ლიდერს დაურეკა ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყურადღების მისაპყრობად?! – არც ერთს!
შემდეგი სტატიაე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ რიგითი სპეცრაზმელები დაკითხა