პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს, უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიწვევა ყოველწლიურ მოხსენებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა უზრუნველყოს, ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ.
საუბარია აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვათა მოწვევაზე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით,  პრეზიდენტი მზად არის, პარლამენტში გამოსვლის ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის – პოლიტიკურ დებატებში.

“ქვეყნის უმნიშვნელოვანესს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მნიშვნელობიდან, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის ფუძემდებლური პრინციპებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ყველა იმ ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვინც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას უნდა დაესწრონ. ჩვენ საქართველოს პარლამენტს ვთხოვთ, უზრუნველყოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის და სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მოწვევა პრეზედენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად”- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს მივა.

banner
წინა სტატიაშიიანუკოვიჩის შვილს დღეს დაასაფლავებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ (video)