პრეზიდენტის ადმინისტრაციას დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადებაზე წერილობითი დადასტურება ჯერ არ მიუღია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობითი დადასტურება ვიზიტის გადადების თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. ვიზიტის პირველ დღეს ბათუმში დაგეგმილი იყო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან, 15 ივლისს კი, თბილისში შეხვედრები _ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დონალდ ტუსკი ხურვალეთში ჩასვლას და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების ადგილზე გაცნობას გეგმავდა.
როგორც ცნობილი გახდა, ტუსკის ვიზიტი საქართველოში საბერძნეთის კრიზის გამო გადაიდო.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა…
შემდეგი სტატიანანგრევებში 42 სამხედრო იპოვეს, 23 მათგანი დაიღუპა