პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას თეა სირაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას 4 შვილის დედის, თეა სირაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დღეს პრეზიდენტის სასახლესთან ბრიფინგი გამართეს და თეა სირაძის გათვისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს, რომელსაც მათი განცხადებით, 1200 ადამიანი აწერს ხელს.
“საქართველოში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი რომ ჯერჯერობით ზედმეტია, ამას ყველა ვხედავთ. ერთ-ერთი ასპექტი ამ რეალობის არის ის, რომ ადამიანების შეწყალება, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან, სრულიად გაუგებარ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება. შეწყალების კომისია იწყალებს ადამიანებს, რომლებსაც არც ციხის ადმინისტრაციის დადებითი რეკომენდაცია გააჩნიათ და არც სხვა რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება, მაგალითად, ზონდერ პარლამენტარის -აკაკი ბობოხიძის ძმას და ამ დროს ციხეში რჩება და უარს ეუბნებიან თეა სირაძეს, 4 შვილის დედას, რომელსაც ადამინების ცემისთვის 28 წელი მიუსაჯეს, სხვა დანაშაული მას არ ჩაუდენია”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, ზოგადად, ქალებთან მიმართებაში ზეპირსიტყვიერად ყველა ლოიალურია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა წლევანდელი წელი ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა, თუმცა რეალობაში მათი შეწყალება პრაქტიკულად არ ხდება, რაც “სრულიად გაუგებარი და მიუღებელია”.
როგორც ჩხარტიშვილმა აღნიშნა, დაწყებულია კამპანია თეა სირაძის გათავისუფლების მოთხოვნით და სულ რაღაც ერთ კვირაში 1200 ხელმოწერის შეგროვება მოხდა.
“თეა სირაძის შეწყალებასთან ერთად ჩვენ მოვითხოვთ, რომ იქნას გადახედილი და განსაზღვრული მკაფიოდ შეწყალების კომისიის კრიტერიუმები, მათ შორის, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იყოს ქალთა მიმართ ლოიალური და ადეკვატური მიდგომა. ბევრი თემაა მოსაწესრიგებელი, რათა საზოგადოებაში არ რჩებოდეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება და სხვებისთვის უარის თქმა, რომლებსაც გაცილებით ბევრი არგუმენტი გააჩნიათ იმისთვის, რომ არ იყვნენ საპატიმროში”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
როგორც ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ განაცხადა, 4 შვილის დედას 2010 წელს 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო 28 წელი მიუსაჯეს. 37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა. თეა სირაძეს ამნისტიის წყალობით 28 წლიდან 13 წელი დარჩა მოსახდელი.

banner
წინა სტატიაში“დედა, რა ძულთ თურმე R2” – ნიკა გვარამიას კრიტიკა ცნობილ ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაშს მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი