პოლიტიკური პარტიების ,,რეფორმატორები’’, ,,თავისუფალი საქართველო’’, ქდმ–ის ერთობლივი განცხადება თბილისის მერიის მიმართ

ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის განცხადებას კომპანია ,,სიტი პარკთან’’ დაკავშირებული საკითხების მიმართ. ჩვენ მივესალმებით დედაქალაქის მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებს, თუმცა გვსურს ხელისუფლება ჩადგეს საქმის კურსში, რომ ოპოზიციური პარტიების, კერძოდ, რეფორმატორების, თავისუფალი საქართველოსა და ქდმ–ს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დეკრეტი ოფიციალურად მიღებულია და შექმნილია საზოგადოებრივი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ხუთშაბათიდან ოფიციალურად იწყებს ქალაქში პატრულირებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების უკანონოდ დატაცების (უკანონოდ ევაკუირება) ფაქტების გამოსავლენად და ხელშესაშლელად.
მიგვაჩნია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანია „სიტი პარკი“-ს მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართულია დედაქალაქის მაცხოვრებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყოველდღიურად ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უკანონოდ ევაკუირება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს სოლიდური ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უბრუნდება უკან. ზემოაღნიშნულის გარდა სახეზე გვაქვს მრავალბინიანი სახლების ეზოებში – კერძო საკუთრების ტერიტორიაზე შემოღებული შეზღუდვები, აღნიშვნები და ამის საფუძველზე დარიცხული ჯარიმები.
გვსურს ვუპასუხოთ დედაქალაქის მერიას და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ დაგვიწყია პოლიტიკური სპეკულაციები, ჩვენ ვემსახურებით დედაქალაქელების და დედაქალაქში სტუმრად მყოფი საქართველოს მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაწყებული პროცესი არის შეუქცევადი, დაუმორჩილებლობისაკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელიც უკანონოდ გამოწერილი ჯარიმებისა და ევაკუირების გზით წარმოადგენს კომპანია ,,სიტი პარკის’’ მსხვერპლს.

„თავისუფალი საქართველოს“ – თავმჯდომარე კახა კუკავა;
პ/გ „რეფორმატორების“ თავმჯდომარე – ირაკლი ღლონტი;
სამოქალაქო ალიანსის თავმჯდომარე – ზურაბ ხარატიშვილი;
პ/გ – ქდმ–ის თავმდჯომარე – გოჩა ჯოჯუა;

28 აპრილი, 2015 წელი.

banner
წინა სტატიაშიეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება–ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის–მანანა კობახიძე