„პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს“

„პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს“

„პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს“კახეთის ერთ–ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლეებმა გააუპატიურეს – ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა პედაგოგმა მას შემდეგ აცნობა, რაც მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა დანაშაული დამალეს, პოლიციას კი სკოლის დირექტორმაც არ მიაწოდა ინფორმაცია. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მან ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო, თუმცა არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც სოციალური მუშაკებისთვის, რადგან „ბავშვს არ ეტყობოდა რომ ნაწვალები იყო“.

წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა სოფლის მაცხოვრებლებმა მსხვერპლის მშობლების გარდა, სკოლის წარმომადგენლებსაც აცნობეს. მისივე თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შეიკავეს და დახმარებისთვის სოფლის მოძღვარს მიმართეს. წყაროს თქმით, მოძღვარმა მათ ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მოძღვარმა არ დაადასტურა, რომ მან მომხდარის შესახებ რაიმე იცის. „არც გამიგია ეგ ამბავი. როდის მოხდა? არ ვიცი. ჩემთვის არავის მოუმართავს. რომ გამეგო, მე თვითონ მივმართავდი პოლიციას“, – განაცხადა მოძღვარმა.

წყაროს ცნობით, სკოლის დირექტორს მომხდარის შესახებ პედაგოგებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო.

– „ისეთი ასაკი მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი გამიგია ამ ასაკში.

– რეფერირების მექანიზმს იცნობთ?

– კი.

– სკოლაში ეს ინფორმაცია მოგაწოდეს?

– ოფიციალურად არ მოუწოდებიათ.

– წერილობით უნდა მოემართა ვინმეს?

– თქვენ გგონიათ, მე რომ გავიგე, რეაგირება არ მოვახდინე? მე ყველას გავესაუბრე, მშობლებს, ბავშვებს, არავინ დამიდასტურა და რა გავაკეთო? რეფერირების მექანიზმი შეიძლება მაშინ გამომეყენებინა, ბავშვი სკოლაში ნაწვალები თუ მოვიდოდა.

– რესურსცენტრს მაინც აცნობეთ?

– მე რესურსცენტრის უფროსს ვესაუბრე და ისიც ვუთხარი, რომ მშობლებსაც ველაპარაკე, ბავშვებსაც და არაფერი დადასტურდა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა? ხომ უნდა დაედასტურებინათ იმათ. მე ხომ არ ვარ გამომძიებელი? ბავშვი სკოლაში ხომ უნდა მოსულიყო ნაწვალები, რაღაც სხვა მდგომარეობაში, არ ყოფილა არაფერი.

– რას ნიშნავს ნაწვალები უნდა მოსულიყო სკოლაში?

– აი, ნაკაწრი, ჭუჭყიანი, მოუვლელი, ასეთი რაღაცეებით.

სკოლაში კლასის ხელმძღვანელებთან, ფსიქლოგთან ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?

– სასწავლო წელი მთავრდებოდა უკვე. კლასის ხელმძღვანელებს ვესაუბრე და თქვენ მიერ დასახელებულ პირებს დადებითად ახასიათებენ. პოლიცია უნდა ჩართულიყო, დაზუსტება რომ მომხდარიყო.

– რატომ არ აცნობეთ პოლიციას?

– მე? მე უნდა ჩამერთო პოლიცია?

აბა ვის უნდა ჩაერთო?

– ბავშვები არ ადასტურებენ და რა გამეკეთებინა მე? რესურსცენტრმა რაც მითხრა, მე ყველა პროცედურა ჩავატარე და არ დამიდასტურეს“.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. შესაბამისად, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, 10 და 11 წლის მოძალადეებს ვერ დასჯიან.

ზუსტად ამ მიზეზით, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, დაუსჯელი დარჩა გასულ წელს კახეთის ერთ–ერთ სკოლაში, 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული ორი ბავშვიდან ერთ–ერთი. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მე–7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში, ამავე სკოლის მე–8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობა გამოიკვეთა. გოგონას ჩვენების მიხედვით, მოძალადეები მას ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ და ორი თვის განმავლობაში მასზე ძალადობდნენ, თანატოლები კი სკოლაში დასცინოდნენ. არსებული ინფორმაციით, მოძალადეებს გოგონა გაკვეთილიდანაც გაუყვანიათ, სქესობრივ კავშირს კი სკოლასთან ახლოს, ნაკვეთებში ამყარებდნენ. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. ერთ–ერთ ბრალდებულს, რომელიც 14 წლის არის, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა აქვს შეფარდებული. საყურადღებოა, რომ სკოლის დირექციას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არც ამ ფაქტზე უცნობებია, ვიდრე საინფორმაციო საშუალებებით არ გახმაურდა. დირექტორის განმარტებით, მათთვის ძალადობის შესახებ ცნობილი არ იყო.

 

წყარო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაშიბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: თუ ციხეში არ გინდათ, დაწერეთ განცხადება და ბიზნესში წადით