“პატრიოტთა ალიანსი”: უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის განმარტებით, საგარეჯოში არჩევნები დილიდანვე უხეში დარღვევებით დაიწყო. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“დილიდანვე საარჩევნო უბნები დარღვევებით გაიხსნა. ათეულობით უბანზე საკონტროლო ფურცლის შევსების წესი ირღვევა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ცუდად ტარდება. რამდენიმე უბანზე ჩვენ უკვე შევადგინეთ საჩივრის ოქმი და წარვადგინეთ საუბნო–საარჩევნო კომისიებში. ამის გარდა მთელ რიგ უბნებზე იყო დამატებითი ბიულეტები გაცემული, რომელიც იმთავითვე გამიზნული იყო გაყალბებისთვის”,– განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

მისივე განმარტებით, გამგებლები და რწმუნებულები საარჩევნო უბნებზე სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ პირდაპირ აგიტაციას ეწევიან.

“მათი მხრიდან ხდება ჩვენი წარმომადგენლების დაშინება. მოუწოდებენ მათ რომ დატოვონ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტრორიები და არ მიიღონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებში. ასევე რიგ უბნებზე ჩვენს მიერ დაფიქსირდა  20–30 ლარის დარიგების ფაქტები ამომრჩევლებისათვის. ჩვენი ინფორმაციით, ფულის დარიგება ხდება იმ უბნებზე სადაც სახელისუფლებო კანდიდატებს მათი წინასწარი მონაცემებით სუსტი პოზიციები ჰქონდათ”,– განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა