პატრიარქი ხვალ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კოლასეში მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სასწაულის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
როგორც ” თაიმერს ” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II უზნაძის ქუჩაზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის.
წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სასწაული მე-4 საუკუნეში აღესრულა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური მოინათლა.
ასევე, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მნათედ მსახურობდა კაცი, სახელად არქიპო, რომელმაც მრავალი უღმრთო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს.
წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელი აერიდებინა. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ. წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მთავარანგელოზ მიქაელს მადლობას სწირავდნენ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე– უგულავაზე: თუ ის უდანაშაულოა დაბრუნდება სახლში
შემდეგი სტატია„სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“