პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

ხვალ პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. როგორც “თაიმერს” საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, ხვალ ილიაობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2013 წელს ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შესრულებული ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი და მეფეთა სარკოფაგების საფარებლები; ყოვლადწმიდა სამების ტრაპეზის გადასაფარებელი, ოქრომკედით ნაქარგობა, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ხევსურული ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.
გამოფენაში სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა, თბილისის სახელოსნოები, ეპარქიებში გახსნილი ხელსაქმის სკოლები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები მიიღებენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია
შემდეგი სტატია„იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!“