პატიმრის დახასიათების გამოთხოვის შემდეგ შეწყალებამდე თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, სასჯელაღსრულების უწყებას უნდა შეეტყობინებინა

დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კონკრეტული პატიმრის დახასიათების გამოთხოვის შემდეგ შეწყალებამდე თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის სასჯელაღსრულების უწყებას უნდა შეეტყობინებინა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც #2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობიხიძის დახასიათება 2015 წლის 11 მაისს, ამის შემდეგ კი 2015 წლის 9 ივნისს მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოვო საკანში მოთავსებით, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.
ქორიძის თქმით, სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან დადებითი სტანდარტული დახასიათება იქნა გაცემული და შეწყალების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მან სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიიღო.
“ბუნებრივია შეწყალების კომისია ეცნობა იმ საბუთებს, რაც მიდის მასთან და არანაირი საფუძველი არ ჰქონდა კომისიას იმისა, რომ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. შეწყალების კომისია ამისგან დაცლილია. არსებული შემადგენლობა შეწყალების კომისიისა გამოირჩევა მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით და როდესაც მსჯელობენ, გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენილი საბუთებით და არა პოლიტიკური ან პარტიული ნიშნით”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება გასცემს არა რეკომენდაციას, არამედ ცნობა-დახასიათებას მსაჯვრდებულის თაობაზე, რაც არის საფუძველი იმისა, რომ შეწყალების კომისიამ იმსჯელოს რამდენად კარგად იქცევა მსჯავრდებული და არის თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა მისი მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში.
“იმ დახასიათების საფუძველზე, რომელიც შეწყალების კომისიამ მიიღო, ასეთი რამ არ ყოფილა. პრეიზდენტის ადმინისტრაციიდან გაიგზავნა მოთხოვნა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც შეეხება იმას, თუ ამის შემდეგ რა მოხდა, გეტყვით რომ პრეზიდენტის მიერ 2014 წლის 27 მარტის განკარგულება პირდაპირ ამბობს, რომ თუ ამის შემდეგ შეწყალების აქტამდე რაიმე ტიპის სისხლის სამართლებრივ ან დისციპლინურ ღონისძიებას, ასევე 72-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტს. ამაზე სასჯელაღსრულების კონკრეტულ დაწესებულებას, სამინისტროს უნდა ეზრუნა და ეს ინფორმაცია მოეწოდებინა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. ასეთი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, შეწყალების კომისია ვერ იმარჩიელებს. მან მიიღო გადაწყვეტილება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღო მიუკერძოებელი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა
შემდეგი სტატიანიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ძალისხმევით აღდგება