პარლამენტის თავმჯდომარე უელსის ვიზიტს აფასებს

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, გაერთიანებულ სამეფოში, უელსში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
როგორც “თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა ქართულმა დელეგაციამ უელსის ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, დეიმ როსმარი ბატლერთან გამართა, სადაც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ კვირაში ჩვენ გვსტუმრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებთან და აპარატისთანამშრომლებთან ერთად.ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამა გვქონდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გაეცნო, როგორ ვახორციელებთ წყალდიდობის პრევენციას, როგორ მუშაობს პოლიცია მასშტაბური ღონისძიებების დროს, როგორ ხორციელდება ქალაქ კარდიფის მმართველობა, როგორ მუშაობს ეროვნული ასამბლეა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი როგორც მათთვის, ასევე, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში სტუმრობის დროს შევხვდი, ახლა ის ეწვია უელსს ვიზიტით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შორის კავშირების განვითარებას. ეს ისაა, რაც ჩვენ გვინდა-ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს პარლამენტთან”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უელსის ასამბლეის თავმჯდომარემ.
ამავე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უელსის ასამბლეის პლენარულ სხდომას დაესწრო.
უელსში სამუშაო ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ უელსსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ.
“უელსი, მოგეხსენებათ, გახლავთ დიდი ბრიტანეთის შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოებრივად, მაგრამ კულტურულად ეს ქვეყანა არის ძალიან თვითმყოფადი, თავისი ძველი ისტორიით, ძველი უნიკალური ენით, მას აქვს ძალიან ბევრი საერთო დღევანდელ საქართველოსთან, ვინაიდან აქაც ახლა მყარდება პარლამენტარიზმი,მათი პირველი არჩევნები 1999 წელს შედგა, როდესაც უელსის პარლამენტი იქნა არჩეული და ჩვენ სპიკერთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრების დროს, ასევე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ძალიან ბევრი კონკრეტული სამომავლო გეგმა მოვხაზეთ, იმიტომ, რომ აშკარად, ჩვენ შეგვიძლია გამოცდილების გაზიარება და უელსის პარლამენტი, რომელიც სრულფასოვანი პარლამენტი არ არის, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი არ არის, დაინტერესებულია ჩვენნაირ ქვეყნებთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობით”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთანაც.
მისივე ინფორმაციით, 2016 წლის ივნისის თვეში ქუთაისს დაძმობილებული ქალაქის, ნიუ პორტის წარმომადგენლები ეწვევიან.
,,გვქონდა შეხვედრა იმ ქვედანაყოფთან, რომელიც მუშაობს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე და შედეგების აღმოფხვრაზე, ძალიან საყურადღებო, კონკრეტული რეკომენდაციები მივიღეთ და ჩვენ გამოგვადგება მათი გამოცდილება იმ რეფორმებში, რომლებიც დასახული აქვს საქართველოს მთავრობას. ასე რომ, იყო ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს ხანებში ვნახავთ საქართველოსა და უელსს შორის ურთიერთობების ძალიან კონკრეტულ შედეგებს”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
7 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს, ლონდონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გამოსვლა “ჩეთემ ჰაუზში”. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დისკუსიაში, რომლის თემაა – “საქართველო: 2016 წლის არჩევნები და შემდგომი პერიოდი” – მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნილ მაკფარლენი. ამასთან, საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, ჯონათან ჯანოგლის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ამავე დღეს გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგსა და ფედერიკა მოგერინის შეხვდება
შემდეგი სტატიააი ვეივეის სახლში “ჟუჩოკი” აღმოაჩინეს