პარლამენტთან აქცია „მეტი ქალი პარლამენტში“ იმართება

გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კვირეულის ფარგლებში დღეს სხვადასხვა ქალაქებში აქციები იმართება.

მსვლელობა მოეწყო თბილისში, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ პარლამენტსა და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა ორგანოებში გენდერული ბალანსი იყო დაცული და ხელისუფლებაში პოსტები რაც შეიძლება მეტმა ქალმა დაიკაოს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალბატონებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

„პოლიტიკაში მეტი ქალი სჭირდებათ არა იმდენად ქალებს, რამდენადაც სჭრიდება პოლიტიკას. ამაში „რესპუბლიკელები“ დარწმუნებულნი ვართ. „რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელ ორგანოებში ქალების სიმწირე არ არის. რაც მეტი წარმატებული ქალი იქნება პოლიტიკასა და ხელისუფლებაში, ამით მეტს მოიგებს პოლიტიკა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ თანასწორობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში ქალები რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი და საზოგადოებაში მათ კუთვნილი ადგილი დაიკაონ.

დღესვე მოწოდებები გავრცელდა პოლიტიკური პარტიების მიმართაც, რომ ქალებისთვის რაც შეიძლება მეტი კვოტა გამოიყოს.

ცნობისთვის, 150 დეპუტატიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 18 ქალი დეპუტატია წარმოდგენილი, რაც საერთო ჯამში დეპუტატების 12%-ია. საქართველოში უფრო მეტი ქალი ამომომრჩეველია (53%), ვიდრე მამაკაცი.

banner
წინა სტატიაშიგაუჩინარებული MH370 რეისის ამოუხსნელი საიდუმლო
შემდეგი სტატიაკახა ცხადაძე პირველი ბრიფინგს გამართავს