პან გი მუნი ე.წ. “ბორდერიზაციით” შეშფოთებულია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პან გი მუნი 2008 წლის კონფლიქტის მხარეებს, ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მედიას რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის ომის დროს წამოჭრილი კონფლიქტის მოგავრების მიმართ, გენერალური მდივნის პოზიცია გააცნო.

„კონფლიქტის დაწყებისთანავე გაერო აქტიურად იყო ჩართული საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტისკენ მოწოდებებში, რამაც მწვერვალს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერით მიაღწია. გაერო მტკიცედ ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ, რომელსაც ერთობლივად თანათავმჯდომარეობენ გაერო, ევროკავშირი, ეუთო და რომელმაც მოქმედება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, კონფლიქტის გამო წამოჭრილი საკითხების მოგვარების ერთადერთ აღიარებულ პლატფორმად რჩება, მისი მონაწილეების მხრიდან. იგი მიესალმება გაერო-ს წარმოამდგენლის, ელჩ ანტი ტურუნენის და მისი გუნდის ძალისხმევას, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მათ კოლეგებთან ევროკავშირიდან და ეუთო-დან, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით წარმართვასა და საბოლოოდ მშვიდობიან გადაწყვეტაში დაეხმარონ. ამ სიტუაციაში, გენერალური მდივანი ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებს გააორმაგონ ძალისხმევა კონკრეტული პროგრესის მისაღწევად ყველა საკითხში, რომელიც ამ ფორმატში განიხილება. ის ასევე, შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების შესახებ ცნობების გამო. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს არსებული მექანიზმების გამოყენებისკენ, მათ შორის იგულისხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატი, რათა განიხილონ ინტერესის სფეროს საკითხები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის საკითხის ჩათვლით“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს ბორჯომში უმასპინძლა
შემდეგი სტატიასემეკ-ში ხვალ “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება