პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა მიაღწია მიზანს და ქართული საზოგადოების ნაწილი პროვოკაციას წამოაგო

აქამდე გაერო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთს აკისრებდა, ამ შემთხვევაში კი გაეროს მიმართვა ყველა მხარეს ეხება და ეს დამაფიქრებელია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა მიაღწია მიზანს და ქართული საზოგადოების ნაწილი წამოაგო პროვოკაციას, ხოლო ანდრო ბარნოვის გამოჩენა და მისი ქმედებები კი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროცესს პოლიტიკური სარჩული ჰქონია და რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საზოგადოების მიამიტი ნაწილის აქტივობა.
“ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს ქმნის როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება. იგი გამოვიდა მოწოდებით ყველა მხარის მიმართ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული ნაბიჯებისგან. აქამდე გაერო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთს აკისრებდა, ამ შემთხვევაში კი გაეროს მიმართვა ყველა მხარეს ეხება და ეს დამაფიქრებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა მიაღწია მიზანს და ქართული საზოგადოების ნაწილი წამოაგო პროვოკაციას. ხოლო ბატონ ბარნოვის გამოჩენა და მისი ქმედებები კი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროცესს პოლიტიკური სარჩული ჰქონია და რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საზოგადოების მიამიტი ნაწილის აქტივობა. რეალურად ეს არის მიზანმიმართული ღონისძიება, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩათრეული აღმოჩნდეს ისეთ პროვოკაციაში, როგორიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ 2008 წელს ვერ აიცილა თავიდან”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს 2008 წლის მსგავს მოვლენებს. “მივესალმები იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ატარებს შსს, რათა ბატონ ბარნოვის მსგავსმა ავანტიურისტებმა ვერ მოახერხონ სიტუაციის დესტაბილიზაცია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებები დაცული უნდა იყოს. ადგილობრივების კომენტარები, რომლებიც მედიის საშუალებით ვრცელდება, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ ამართლებენ ამგვარ აქციებს და მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე ექმნებათ. ამ ადამიანების ინტერესები მთავარია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია. 16 ივლისს ნიუ-იორკში პან გი მუნის სახელით გაკეთებულ განცხადებას მისი პრესმდივანი აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას კი, საქართველოში “გაეროს სახლი” ავრცელებს.
“გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში.
გენერალური მდივანი ვითარების განმუხტვის მიზნით მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს”, _ ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ის, რაც პუტინს აღეზიანებს, მე სულისკვეთებას მმატებს,, – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ზოლთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია-გადაადგილებაზე შეზღუდვა 20 ივლისამდე გაგრძელდება