პაატა ზაქარეიშვილი: ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო

ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტების მიერ დღეს, საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს და ამაში გამოიყენოს საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ამასთან, ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ ემოციურ გამოსვლებში ჟურნალისტების მიერ დღეს გამართულ აქციასაც გულისხმობს.
“ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო. ახალგაზრდები არიან, არ იციან ომი რა არის. არც სააკაშვილმა იცოდა ომი და მიიღო 2008 წელი, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მადლობა ღმერთს, დღეს შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ ესენი მიდიან და ბრუნდებიან და ადგილობრივები რჩებიან იქ. მშვიდობიანი აქციები მისასალმებელია, საჭირო და აუცილებელია, მაგრამ თუ ჩვენ გავთვლით კარგად, მოქმედებებმა რა შეიძლება მოიტანოს, მაშინ სჯობს, რუსეთის წისქვილს წყალი არ დავასხათ. რუსეთს სჭრიდება სწორედ ასეთი რეაქცია და იმის ჩვენება მსოფლიოსთვის, როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა რუსულ პროვოკაციაზე არ წამოგებულა. “ჩვენ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი, ასრულებს თავის ყველა ვალდებულებას, როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ისე ნავთობსადენის დაცვით, რაშიც რუსეთს უნდა ეჭვი შეიტანოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთს ბანერების და მავთულხლართების აქეთ-იქით გადატანის გარდა, არაფერი დარჩენია. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია; ერთი ადამიანი დევნილად არ გვყოლია; ერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიკარგავს. როცა ვლაპარაკობთ, რომ მთავრობამ იცის, რას ვაკეთებთ, სწორედ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვხედავთ რუსეთის ლოგიკას. რუსეთი ახორციელებს ყველაფერს იმას, რაც თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუტოვა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით. იქ არის ჩანაწერი არა ის, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ჰიპოთეტურად სამხრეთ ოსეთი ან სამაჩაბლო, არამედ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, გაუქმებული. ანუ იყო შეტყობინება, რომ თქვენ, რუსებო, განიჭებთ უფლებას იყოთ ოკუპანტები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, შემოუსაზღვრეს პირდაპირ. რუსეთი რასაც ახორციელებს, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება და როცა რუსეთი ჩვენსკენ თითს იშვერს, ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენელი, მაშინ უნდა შევახსენოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი კი მოდის 2008 წლიდან”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, პერევიდან რუსეთი იმიტომ გავიდა, რომ იგი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიად არ ითვლებოდა. “საქართველომ წინასწარვე დაუთმო რუსეთს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელი ტერიტორია, მაშინ, როცა საოკუპაციო და სეპარატისტული იურისდიქცია ვრცელდებოდა სულ რამდენიმე ქალაქზე და დანარჩენ ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ჩვენსკენ თითების გამოშვერა, როცა მათ ცოდვებზე ვლაპარაკობთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხურვალეთში ოკუპაციის ბანერის ნაცვლად ქართული დროშა ფრიალებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია: მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა