ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
მათივე განმარტებით, 26 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
“ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია.
25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია”, – აცხადებენ სააგენტოში.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი – 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
“ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 12,5 ათასი ტ., ყვარელი – 12,2 ათასი ტ, სიღნაღი – 6,7 ათას ტ, ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ, დედოფლისწყარო – 2 ათასი ტ, ახმეტა – 1,5 ათასი ტ და საგარეჯო – 1,7 ათასი ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge”, – განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: პრემიერს გაეროში ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ინდ.მეწარმე პასუხისგებაში მისცა