ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია – Stop Russia დასრულდა

აქცია ,,stop russia”

აქცია ,,stop russia”მთავრობის ადმინისტრაციასთან მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია – Stop Russia გაიმართა. აქციის ორგანიზატორები რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია იყო. აქცია მიშა მშვილდაძეს მიჰყავდა. აქციის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია, “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი პაატა გაფრინდაშვილი, ადვოკატი ოთარ კახიძე, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე, ასევე გადაცემა “მძიმე კაცის” წამყვანი დავით კოვზირიძე, უფლებადამცველი გიორგი ტუღუში და სხვები.
სიტყვის გამომსვლელებმა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ქმედებები დაგმეს და საქართველოს ხელისუფლება უმოქმედებაში დაადანაშაულეს.

აქცია ,,stop russia”
როგორც გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, აქციაზე შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ რუსეთის ქმედებები და ასევე საქართველოს ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც “არის უტვინო და ლაჩრული”. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შიშის ქვეშ ვერ მოქმედებს, რადგან შიში აქვავებს. როგორც ბედინეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებაში “ასევე არიან ჭკვიანი მოღალატეები და დღევანდელი ხელისუფლება რუსეთიდან მოსული ინსტრუქციებით მოქმედებს”. მან საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
თავის გამოსვლაში “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან სასაუბროდ პირისპირ მარტო არ უნდა დაჯდეს და საქართველოს მისმა მეგობრებმა უნდა გაუმაგროს გვერდი.
“ჩვენი საკითხი უნდა დაბრუნდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების საგარეო პრიორიტეტების ნუსხაში. დღეს გამქრალია ამ ნუსხიდან, რადგან ხელისუფლებამ ასე ინება”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე შეფასებით, თუ საქართველოს მშვიდობა უნდა, ის უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ამისთვის კი არაფერი კეთდება. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს, ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია და ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ეშვება.

აქცია ,,stop russia”
“ჩვენ არ ვკამათობთ იმაზე, ომი იყოს თუ მშვიდობა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, თუმცა რაც დღეს არის, ეს არის ომი”, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
თავის გამოსვლაში უფლებადამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ყველას უნდა ევროპული საქართველო, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები.
“მინდა ყველამ ერთად უარი ვუთხრათ რუსეთს. გაუმარჯოს ევროპას!” – აღნიშნა ტუღუშმა.
აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვდნენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას.
აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ ე.წ. წითელი ხაზის აღმნიშვნელად წითელი ნაჭერი მიწაზე დაფინეს და ასევე გააბეს რამდენიმე მავრთულხლართი.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშირას წერენ ცნობილი სახეები ,,მამულიჩას” დაკავების ფაქტზე
შემდეგი სტატია“ჩვენი მოტივაცია ქვეყნის შენებაა და არა ის, თუ სად შეიკრიბება 50 გაბოროტებული ადამიანი”