ოთარ დანელია – ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა, ეს რა არის, რას ჭამთო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს, – ამის შესახებ ოთარ დანელიამ გაზეთ “კვირის პალიტრას” განუცხადა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა.
“პურის რეგლამენტი სხვა პროცესია, მაგრამ ფქვილის რეგლამენტი ამის წინა საფეხურია. როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ. პურის თაობაზე კი ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს.
“ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო? რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება, ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს”, – განაცხადა დანელიამ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პურს სჭირდება სწორი მიდგომა, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, იყოს ზედმიწევნით დაცული და მისი ხარისხი ეტიკეტს შეესაბამებოდეს.
“არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა”, – დასძინა დანელიამ.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს, “რადგან უხვი მოსავალია ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში და ამის გამო ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟებზე შემცირებულია”.
“საქართველომ ხორბლის წარმოების ყველა შიდა რეკორდი მოხსნა. მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლიანობა საშუალოდ 1 ჰექტარზე 3 ტონამდე იყო. გაისად არანაკლებ მოსავალს ველოდებით, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ისტორიული მაჩვენებელი გვექნება”, – განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე – ადგილობრივი ხორბალი პურის წარმოებისთვის არ გამოდგება, დანელიამ აღნიშნულის მიზეზად ის დაასახელა. რომ თესლია არასწორად შერჩეული.
“გლეხებმა დათესეს ის, რაც ჰქონდათ. ამიტომაც დავიწყეთ 33 სხვადასხვა ჯიშის ხორბლის რაიონებში განაწილება და გამოცდა. წელს ხორბლის წარმოებაში ვამატებთ უკვე არატრადიციულ რეგიონებს, მაგალითად, სამეგრელოს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ხორბლის თესლის ხელშეწყობის პროგრამა, თქვენ მიერ ნახსენები პრობლემის მოსაგვარებლად”, – განაცხდა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური – ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ