ოთარ დანელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებული რეგულაციების ოპერატიული დანერგვისთვის მადლობას უხდის.
როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” ძალაში შესვლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 329 ბიზნესოპერატორი შეამოწმა. ეტიკეტირების წესის დარღვევა 55 შემთხვევაში დაფიქსირდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების პირველ დღეებში 201 ბიზნესოპერატორი შემოწმდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის 51 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბოლო 3 დღის განმავლობაში 128 ბიზნესოპერატორიდან მხოლოდ 4-თან აღინიშნა შეუსაბამობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად იკლო დარღვევების რაოდებობამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, როგორც მეწარმეების, ასევე რეალიზატორების მიერ “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებული ეტიკეტირების ახალი წესის დანერგვა ოპერატიულად განხორციელდა, რაც მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
უწყების ცნობით, 2015 წლის 1-ელი აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: “კარაქისებრი” ან “კარაქის მსგავსი”, “არაჟნისებრი” ან “არაჟნის მსგავსი”. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა “მსგავს”-თან ან/და ბოლოსართ “ებრ”-თან ერთად, მაგალითდ: “რძისებრი” ან “რძის მსგავსი”, “არაჟნისებრი” ან “არაჟნის მსგავსი” 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება აიკრძალება.

banner
წინა სტატიაშიLufthansa რუსეთში რეისებს ამცირებს
შემდეგი სტატია,,სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა-არარსებობაა”