ნუკრი ქანთარია: ვინც კონსტიტუციურ წესრიგს გადასცდება, იმას ხელებიც, ფეხებიც მოემტვრევა და კბილები ჩაემტვრევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

ვინც კონსტიტუციურ წესრიგს გადასცდება, ხელები, ფეხები მოემტვრევა და კბილები ჩაემტვრევა, თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით, – ამ განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობას” უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები გააფრთხილა, მივიდნენ ყოველ ხესთან და ილოცონ, რომ ზედმეტი ფოთოლი არ ჩამოვარდეს და მათ არ დაბრალდეთ. ქანთარიას თქმით, მათ უნდა აირჩიონ, ან პოლიტიკურ ველში დარჩენა, ან “პარაშასთან” ჯდომა.
“თუკი დაარღვევთ კანონს, ბუნებრივია, აღმოჩნდებით სწორედ იქ, სადაც კანონდამრღვევი უნდა წავიდეს. დღეს უზენაესი სწორედ კანონია. ყველას გირჩევთ, იყავით პოლიტიკურ ველში, თუ გინდ კანონის ზღვარზე. ყოველ ხესთან მიდით და ილოცეთ, ზედმეტი ფოთოლი არ ჩამოვარდეს და ეს თქვენ არ დაგბრალდეთ. კარგად დააკვირდით ყოველ ხეს. თქვენ გაქვთ არჩევანი. ჩვენს საზოგადოებას თქვენგან წართმეული არჩევანი დავუბრუნეთ და ამ არჩევანს მათ ვერავინ ვეღარ წაართმევს. ეს მინდა თქვენ დანამდვილებით იცოდეთ. ვინც ამას გააკეთებს, სულ ერთია, ვინ იქნება, რომელი პარტიიდან იქნება, გადავა და კონსტიტუციურ წესრიგს გადასცდება, იმას ხელებიც, ფეხებიც მოემტვრევა და კბილები ჩაემტვრევა, თუნდაც ყველაზე ჰუმანური კანონით”, – განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო: აგვისტოს ომის დაზარალებულებმა 30-დღიან ვადაში უნდა მიმართონ