ნუგზარ წიკლაური: პრემიერის განცხადება ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე კომიკურია

პრემიერის განცხადება ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლაზე კომიკურია, რადგან ორგანიზაცია 1956 წელს მიღებული წესებით ხელმძღანელობს , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, კომიკურია პრემიერ-მინისტრის ის განცხადება, სადაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში მოხვედრის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე საუბრობს.
“როგორც მოგეხსენებათ ინტერპოლმა უარყო საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქმედება ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალული აქვს. აღნიშნული მუხლი 1956 წელსაა მიღებული. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თითქოს უარის თქმის მოტივი ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებაა, კომიკურია”, – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნუილი გადაწყვეტილება არის ანალოგიური, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ადრე ევროპის საბჭოსა და პარლამენტის მიერ, აგრეთვე საბერძნეთისა და საფრანგეთის სასმართლოების მიერ იქნა მიღებული.
“ცხადია, რომ საერთშორისო საზოგადოება ერთსულოვანია საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასა და სამართლებრივი მექანიზმების სწორედ ამ მიმართულებით გამოყენებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა წიკლაურმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით დევნა, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს.
“ასევე, გახსნას შესაძლებლობები მათთვის, ვინც პოლიტკური ნიშნით არიან დევნილები, რათა დაბრუნდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ დემოკრატიული უფლებების ფარგლებში, რომელიც მათ აქვთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში”, – განაცხადა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში24 საათის შემდეგ ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა
შემდეგი სტატიავალერი გელბახიანი: პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რომ იძებნებოდა კეზერაშვილი კრიმინალური ფაქტის ჩადენის გამო