ნუგზარ წიკლაური – გალის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, შესაბამისი ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათლების სამინისტრომ უკვე გამოსცა.
“შესაბამისი ბრძანება უკვე გაცემულია და 1-ლი სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული. ესაა სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადამიანების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღე გავიდა რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია”, – განაცხადა წიკლაურმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მიმართავს და კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს სთხოვს, ფაქტზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ.
“იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუძღუდოს მათ ქართულ ენაზე სწავლება”, – დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატია“კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა”