ნოდარ ხადური: რომან გოცირიძე აკეთებს ისეთივე განცხადებებს როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებას “აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

“ბატონ რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხიმგებლო განცხადებებს. ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. მისივე განცხადებები არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან, მას შეუძლია უბრალოდ გადაამოწმოს და ნახოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა გათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ერთი რა მინდა ასევე ვთქვა, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში და ამავე დროს ნამდვილად იმის გამო რომ სტიქია მოხდა საქართველოში, ჩვენ გვიწვეს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. ძალიან მაინტერსებს გოცირიძე სხვანაირად თუ მოიქცეოდა, როგორ იქცეოდა ის როცა ვიცე პრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც, გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა, გინდა ერთ დროს, გინდა მეორე დროს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემცირება 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. როგორც გოცირიძემ განაცხადა, თუ ბიუჯეტის შეკვეცა 140 მილიონი ლარი იქნება, “ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ ლარის შემდგომ გაუფასურებას”.

მისივე თქმით, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მთავრობის ხაზინის ანგარიშზე გაზრდილია 230 მილიონი ლარით, ანუ ბიუჯეტში მეტი ფულია მობილიზებული, ვიდრე დახარჯული (ამაში შედის სახაზინო ვალდებულებების განთავსებით მიღებული შემოსავლებიც).

“ეს ხელს უწყობს ლარის მყიფე სტაბილურობას, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც – ნაშთების ზრდა ხდება არა მიზანმიმართულად, ლარის გაუფასურების საწინააღმდეგოდ, არამედ მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი, როდესაც მხარჯველი ერთეულები დროულად თანხებს ვერ ითვისებენ და ძირითადი დაწოლა მოდის წლის ბოლო ორ თვეზე, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი ხდება”, – განაცხადა გოცირიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 140 მილიონი ლარით მცირდება.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფელ დიციდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
შემდეგი სტატია“როდესაც თბილისში ადამიანები იღუპებოდნენ აშშ-ში ჩვენმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ აიღო შვებულება და გაემგზავრა ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად”