ნოდარ კერესელიძე – ქვეყანაში არის ხორბლის საკმარისი მარაგი, რათა პურზე ფასმა არ მოიმატოს

დღეს ქვეყანაში არის ხორბლის საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ პურის ფასის მომატება არ მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განუცხადა.
რაც შეეხება კომპანია “იფქლის” მიერ პურის ორ სახეობაზე ფასის 10 თეთრით მომატებას, ნოდარ კერესელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ თვითნებურად გაზრდილი ფასი მის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე.
“ეს არის ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ თვითნებურად გაზრდილი ფასი თავის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე, რაც ნამდვილად არ ვრცელდება სხვა მწარმოებლებზე. ეს არ არის ტენდენცია. დღეს ქვეყანაში არის საკმარისი ხორბლის მარაგი იმისთვის, რომ არ მოხდეს პურის ფასის მომატება. ასევე იცით, რომ სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზეც არ გაზრდილა ფასი, რამაც ასევე გავლენა არ უნდა იქონიოს პურის ფასის ზრდაზე. ასე რომ, ჩვენ არ ველოდებით ამ მხრივ რაიმე ცვლილებებს”, – განაცხადა კერესელიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ლარის კურსის დევალვაცია მოქმედებს ზოგადად ეკონომიკასა და წარმოებაზე, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს და კონტროლს ხორბლის მარაგებზე.
“ასევე ჩვენ ვცდილობთ, იმპორტის დივერსიფიცირების კუთხით გავააქტიუროთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ სხვა ქვეყნებიდანაც განვახორციელოთ ხორბლის იმპორტი და დავასტაბილუროთ ფასი. ფასი გაიზარდა იქედან გამომდინარე, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი დააწესა, რამაც გავლენა იქონია ფასზე. ამიტომ, ეს მონიტორინგი და იმპორტის დივერსიფიცირება არის ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს რაიმე ცვლილებები პურის ფასზე”, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი – საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა გადაწყვეტილების მიღების დრო
შემდეგი სტატიასაქსტატი – თებერვალში ფასები გაიზარდა სურსათზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე