ნინო გვენეტაძე – შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც დროსა და შესაბამის რესურსებს მოითხოვს

სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსეული გამოწვევების ფონზე ისეთ ფორუმში მონაწილეობა, როგორიც არის “ღია მმართველობის პარტნიორობა”, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ “ექსპოჯორჯიაში”, “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების დამკვიდრება და საზოგადოებრივი ნდობის გაღვივება უპირველესი ამოცანაა.

“სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სამართალწარმოების დანერგვა. სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, ვფქირობ, წარმატებული იქნება ქართული მართლმსაჯულებისთვის. საამისოდ არსებობს რამოდენიმე წინაპირობა”, -განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის დამკვიდრების გზაზე, სამართალწარმოებაში, ქართულ მართლმსაჯულებაში მრავალი საკითხია გადასაწყვეტი.

“ვაცნობიერებთ იმასაც, რომ შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც დროსა და შესაბამის რესურსებს მოითხოვს. სასამართლო კორპუსის მონაწილეობით და საზოგადოების მხარდაჭერით, ვფიქრობთ, სასამართლო ხელისუფლება გახდება თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი და დაიმსახურებს საზოგადოების მაღალ ნდობას. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ჩვენი გააქტიურება და “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფორმატში ჩვენი დღეს ყოფნა. ვფიქრობთ, კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელისუფლებო შტოებთან ერთად სასამართლოს მოუტანს წარმატებას”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის
შემდეგი სტატიაკრემლის ჯარები უკრაინაში შეტევას იწყებენ