ნინო ბურჯანაძის პრესსმდივანი თინა ხიდაშელის ბრალდებებს პასუხობს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ძალიან სასაცილოა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თანადამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარ განცხადებებში ვერ ყალიბდება , – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ხიდაშელს, დავით უსუფაშვილსა და “ქართული ოცნების” მთავრობას უნდა ჰქონდეთ გააზრებული – ქვეყნის პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას.
“ძალიან სასაცილოა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” თანადამფუძნებლის და ყოფილი თანათავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი ვერ ყალიბდება საკუთარ განცხადებებში, თუმცა არ იქნებოდა ცუდი, რომ ჩამოყალიბებულიყო. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, თუ რას რა მოყვება. აქვთ თანამდებობა ქალბატონ ხიდაშელს, აქვს კიდევ უფრო დიდი თანამდებობა ბატონ დავით უსუფაშვილს, ჩაბრძანდნენ და დაელარაკნონ რუსეთის ხელისუფლებას, მათ ამაში თანამდებობა და რანგიც უწყობთ ხელს. ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ცოლსაც და ქმარსაც უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ საქართველოს პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, არ მართავს მათთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს”, – განაცხადა ბაკურაძემ.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაციის, არც ოპოზიციის წარმომადგენელი და მის განცხადებებს მეტი თანმიმდევრულობა და დაკვირვება ჭირდება.
“როდესაც საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას იღებ, როგორც ქალბატონ თინას და ბატონ დავითს აქვთ აღებული, “ქართული ოცნების” მთავრობის წევრებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ კარგად გააზრებული, რომ პრობლემები გვარდება ორი სახით- ძალისმიერი მეთოდით და მოლაპარაკების გზით. თუ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია თავდაცვის მინისტრს ეს პრობლემები მოაგვაროს, მოაგვაროს და თუ არ შეუძლია, მაშინ დაიწყოს დროულად მოლაპარაკებები პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამის რესურსი ნამდვილად არის და ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მათ შორის ბოლო ვიზიტის შემდეგ, როდესაც კვირეების მანძილზე ელოდება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების ზარს მოლაპარაკებების შედეგების და იმ თანხმობების გადასაცემად, რასაც მან ვიზიტის შედეგად მიაღწია”, – აღნიშნა ბაკურაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას ნინო ბურჯანაძეც ახსენა. “პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა”.

banner
წინა სტატიაშილატვია: პედაგოგი ვალდებულია სამშობლო უყვარდეს
შემდეგი სტატიაამერიკელმა სიკვდილის წინ ითხოვა, რომ კლინტონს ხმა არ მისცენ