ნინო ბურჯანაძე – ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

burjanadzeამ დღეებში არ ვაპირებდი ბრიფინგის ჩატარებას იმ ტრაგიკული მოვლენის ფონზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, მაგრამ დღეს მომხდარმა ტრაგედიამ ჩვენი მოთმინების ფიალა აავსო, – ამის შესახებ დრეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი, როდესაც დედაქალაქში დღისით, მზისით მტაცებელმა ცხოველმა ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმა. ნინო ბურჯანაძემ გარდაცვლილის და სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“ჩვენ ყველანი მათ გვერდით ვართ, ყველანი ვგლოვობთ ადამიანებს, რომლებიც ამ საშინელ ტრაგედიას შეეწირნენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით ბოლო დღეების განმავლობაში ყველამ დაინახა უამრავი ადამიანის პიროვნული თავდადება, როგორც მაშველებისა, ასევე რიგითი მოქალაქეების.
“ბოლო დღეების განმავლობაში ყველამ დავინახეთ უამრავი ადამიანის თავდადება – პიროვნული თავდადება, როგორც მაშველებისა, ასევე რიგითი მოქალაქეების. მათ შორის ჩვენი პარტიის ახალგაზრდების მხრიდან. ეს ერთობა ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა დღეს იძულებული ვარ განვაცხადო: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, “-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, ის იძულებული გახდა, რომ დღეს ბრიფინგი გაემართა, ვინაიდან ხელისუფლების ქმედებები არის არაკომპეტენტური.
“დღეს იძულებული ვარ ჩავატარო ბრიფინგი, რომ გამოვაფხიზლო ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს უტვინოდ, მოქმედებს იმისათვის, რომ დაფიქსირდეს კამერების წინ და პიარით თავი მოაწონოს საზოგადოებას. ხელისუფლების არც ერთი მოქმედება არ არის გააზრებული. მოვითხოვთ, როგორც კი ეს უბედური დღეები გადაივლის, სასწრაფოდ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების ქმედებებს, არამედ იმას, როგორ იმოქმედა დღევანდელმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, 3 საათის განმავლობაში, როდესაც შედიოდა ინფორმაცია ახალდაბაში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ 112 საშუალებით, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა საოცარი კომენტარი, იმასთან დაკავშირებით, რომ ევაკუაცია თავის დროზე რომ გამოცხადებულიყო, მსხვერპლს თავიდან ავიცილებდით, მაგრამ ზარალი მაინც იქნებოდაო.
“3 საათით ადრე რომ დაკეტათ მაგისტრალები, რომლებზეც ხალხი მოძრაობდა, გაენთავისუფლებინათ უბნები, აბსოლუტური ალბათობით ჩვენ ის მსხვერპლი არ გვექნებოდა რაც დღეს მივიღეთ. ფაქტია იმ სამსახურებმა, რომლებსაც საგანგებო რეჟიმში უნდა ემუშავათ, ვერ იმუშავეს, ფაქტია ხელისუფლების უმაღლესი პირები ორი დღეა გვამშვიდებენ, რომ ქალაქში მოძრაობა სახიფათო აღარ არის და ამ დროს დღისით მზისით ქალაქის ცენტრში მსგავსი უბედურება ხდება. გამოფხიზლდით ბატონებო! 10 ვეფხვის დათვლა ვერ მოახერხეთ და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას?” – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა არ იყო ინფორმირებული, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა
შემდეგი სტატიათურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი გარდაიცვალა