ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას “ქართული ოცნების” კრახად აფასებს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას “ქართული ოცნების” “კიდევ ერთ კრახად” მიიჩნევს.
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური რეაბილიტაციაა.
“ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი კრახი, რომლითაც პრაქტიკულად ოფიციალურ დონეზე გათეთრდა და გაცოცხლდა დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის მიერ იყვნენ ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებებში თავისუფლად ტოვებენ ქვეყანას, იხსნებიან ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, იგებენ ევროპულ სასამართლოებს, ინიშნებიან მეგობარ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ხოლო მათ მიერ, წლების მანძილზე გამწარებული საქართველოს მოსახლეობა მესამე წელია ელოდება ქვეყანაში სამართლიაობის პროცესის დაწყებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს დღეს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: როგორც სჩანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და დატერორებული ხალხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციაა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ არჩვაძე იუბილარია – საქართველოს დამსახურებული არტისტი 83 წლის გახდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე რუსეთის სანქციებზე საქართველოს მიერთებას, ხელისუფლების უგუნურ გადაწყვეტილებად აფასებს