ნინო ბურჯანაძე: სახელმწიფო რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ეს არ მოხდებოდა

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

სახელმწიფო თავის ადგილზე რომ იყოს, პანკისში რაც ხდება, არ მოხდებოდა, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში არასრულწლოვნებიც იქნენ ჩათრეულები.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ყველანაირად მხარში დავუდგეთ უხუცესთა საბჭოს მოთხოვნას, ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ და ახალგაზრდები გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ არ ხვდებოდნენ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას დროულად უნდა მოეხდინა რეაგირება მაშინ, როდესაც პირველი ინფორმაცია გამოჩნდა, იმის თაობაზე რომ საქართველოს მოქალაქეები “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძვიან.
“სახელმწიფო რომ თავის ადგილზე და თავის სიმაღლეზე იყოს, ეს არ მოხდებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ყურადღება იქნას მიქცეული საქართველოდან არასრულწლოვანების გასვლის შემთხვევებზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მიიჩნევს, რომ პანკისელების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ახალგაზრდებს ფულად დახმარებას სთავაზობენ.
“ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე, რომ ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენი მოქალაქეები არ უნდა იყვნენ მასში ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული კონფლიქტმა ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს, მოხდეს გარკვეული ტიპის ტერაქტები, გატაცებები და სხვა. ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ პროცესის შეჩერება რთული იქნება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში7 აპრილს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძეს 8 აპრილს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ